ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ზუსტი ინფორმაცია აქვს, რომ საქართველო ფაიზერის მილიონ დოზას მიიღებს, თუმცა, ზუსტდება დოზებზე მიწოდების ბაზა.
ტიკარაძემ ეს ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
"ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ ფაიზერის მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. ასევე გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ ასტრაზენეკას 43 ათას დოზას 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს სინოფარმთან მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული სინოფარმის მხრიდან ივნისში". - თქვა მან.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, 27 აპრილის 20:00 საათიდან 18 წელს ზემოთ ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს სინოფარმით აცრისთვის რეგისტრაცია შეუძლია.
ჩინურ სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას სინოფარმის ავტორიზაციასთან დაკავშირებით.