ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლებას ჩინური ვაქცინის სინოფარმის შემოსატანად წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინურ ვაქცინას უკვე აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია და უახლოეს მომავალში აკრედიტაციას ჯანმო-ს მხრიდანაც მიიღებს.
"ჩინური ვაქცინა უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. ჩვენ როგორც ასტრაზენეკას და ასევე ფაიზერის შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები რა თქმა უნდა დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე კოვაქს პლატფორმასთან. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები", - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა უკვე შეკვეთილია.
"პირველი ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მცირე დოზა შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან, ეს არის 100 ათასი ვაქცინა და უკვე კოვაქს პლატფორმიდან ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება დამატებით საჭირო ვაქცინებზე", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე ქვეყანა ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.