კორონავირუსის გამაფრთხილებელი აპლიკაცია სატესტო რეჟიმშია, ამ ეტაპზე ვრწმუნდებით, რომ ნამდვილად ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც აპლიკაციაზე მუშაობა დასრულდება, მოქალაქეებს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან.
მისივე თქმით, აპლიკაცია ხელს შეუწყობს ეპიდემიოლოგებსაც, რომ ადრეული და შემდგომი კონტაქტების იდენტიფიცირება მოახდინონ.
„აპლიკაციასთან დაკავშირებით, ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის სატესტო რეჟიმში და ვრწმუნდებით, რომ ეს იქნება ნამდვილად ეფექტური. ასევე მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასთან. მას შემდეგ, რაც ყოველივე იქნება მზადა, შეგვეძლება მოქალაქეებს გავაცნოთ აპლიკაციის დეტალები, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დადგენაში“, - განაცხადა მინისტრმა.