ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, თუმცა არა უიმედო. საუბარია ახალციხელ ექთანზე, რომლის მდგომარეობა კორონავირუსის ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ დამძიმდა.
როგორც ტიკარაძემ კონსილიუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შემდგომი 24 საათი არის მნიშვნელოვანი და ექიმები პაციენტის დინამიკას დააკვირდებიან. მისივე თქმით, მოხდა მკურნალობის ტაქტიკაზე მსჯელობა.
"მოვისმინეთ თუ რა კონკრეტული ქმედებები იქნა განხორციელებული პაციენტთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ახლა მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდგომში იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის. ექიმებმა გარკვეულ ნაბიჯებზე მიიღეს გადაწყვეტილება მისი მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით. შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდგომ მოვლენებს. პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა არა უიმედო", - ამბობს მინისტრი.
ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. ექთნის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
რაც შეეხება სავარაუდო ანაფელაქციურ რეაქციას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ "ანაფილაქსია შეიძლება მარტივ წამლებზეც განვითარდეს". ანალოგიურ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრიც აკეთებს და აღნიშნავს, რომ "ანაფილაქსია მხოლოდ ვაქცინის გართულება არაა, წელიწადში 60-80 შემთხვევა გვაქვს".
გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი".