logo
ENG



ტიკარაძე ზიარების კოვზით ვირუსის გავრცელებაზე - საჭიროა მეცნიერული კვლევა

17 აპრ 202001:20
3 წუთის საკითხავი
 
x7adh9tvhbkl37z.jpg

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, კითხვაზე კორონავირუსის პირობებში არის თუ არა საშიში ერთი კოვზით ზიარება, განაცხადა, რომ ამაზე სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს და დაზუსტებულ პასუხს ვერ გასცემს.

„ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“, - აცხადებს ტიკარაძე.

კითხვის ხელმეორედ დასმის შემდეგ მინისტრი ამბობს, რომ საჭიროა მეცნიერული კვლევა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

გარდა ამისა, ეკლესია არც ერთი კოვზით ზიარების წესზე ამბობს უარს.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.


close დახურვა