logo
ENG



ტიკარაძის თქმით, არსებული რესურსით საქართველოს დღეში 17 000 ადამიანის აცრა შეუძლია

30 ივნ 202111:12
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არსებული რესურსით საქართველოს დღეში 17 000 ადამიანის აცრა შეუძლია. 

როგორც მან ისაუბრა, ეს ნიშნავს, რომ 25 სამუშაო დღეში ნახევარი მილიონი ადამიანის აცრაა შესაძლებელი.

"იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოში უკვე არის მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო სამი თვის მანძილზე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს", - თქვა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, ამჟამად ვაქცინაციაში 200-მდე კლინიკა და 281 ამცრელი ბრიგადაა ჩართული, თითო ბრიგადის გამტარუნარიანობა კი, 8-საათიანი გრაფიკით, 60 პაციენტია. ტიკარაძის თქმით, კლინიკების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც მათ გამოთქვეს მზაობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა ბრიგადების დამატებით და გაზარდონ სამუშაო საათები.

ტიკარაძემ 28 ივნისს ისაუბრა, რომ მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი საქართველოში კვირის ბოლოს უნდა იყოს, რის საფუძველზეც მასობრივი ვაქცინაციის დაწყებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მისივე თქმით, იციან ფაიზერის შემოსვლის თარიღი, თუმდა კონტრაქტიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა ფაიზერის შემოსვლის სავარაუდო პერიოდად ივნის-ივლისი დაასახელა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, 30 ივნისის მონაცემებით კი ორი დოზით 100 072 ადამიანია აცრილი. 

ქვეყანაში პრობლემა შეექმნა მათ, ვინ ასტრაზენეკას 1 დოზით იყო აცრილი. მოქალაქეების ნაწილს კლინიკაში მისვლისას მათთვის განკუთვნილი მეორე დოზა არ დახვდა. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ "მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა".


close დახურვა