ტოკიოში ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიიდან ორ დღეში ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა არხმა პირველად აჩვენა ოლიმპიადის მცირე ფრაგმენტი - ფეხბურთში დიდი ბრიტანეთისა და ჩილეს ქალთა ნაკრებების მატჩის 70 წუთი. შეხვედრა 21 ივლისს გაიმართა, ჯერ კიდევ ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე.
North Korea News-ის ინფორმაციით, მატჩის ტრანსლაცია კომენტარების გარეშე და დაბალი რეზოლუციით მიმდინარეობდა, ამიტომ რთული დასადგენია, როგორ არის ჩანაწერი მოპოვებული.
ტოკიო 2020 წლის ოლიმპიადაში ფხენიანმა მონაწილეობა არ მიიღო იმ მიზეზით, რომ სურდა სპორტსმენები კორონავირუსისგან დაეცვა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათთან ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა სპეციალისტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის მონაცემებს არ ენდობიან.
ფხენიანმა ოლიმპიადა პირველად გამოტოვა 1988 წლის შემდეგ, როცა სეულში გამართულ ზაფხულის თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა.
2018 წელს სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა ზამთრის ოლიმპიადაზე ერთობლივი გუნდით წარსდგნენ. ჩრდილოეთ კორეა 22 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და დელეგაციას კიმ ჩენ ინის და ხელმძღვანელობდა. ამ თამაშების დროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები გაიმართა, რასაც შემდგომში ფხენიანსა და სეულს შორის ურთიერთობის დათბობა მოჰყვა.