ამერიკის პრეზიდეტი დონალდ ტრამპი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გადადების იდეით გამოდის. მისი თქმით, კოვიდპანდემიის გამო უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს ფოსტით ხმის მიცემა, რაც არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეს ზრდის.
პრეზიდენტი სვამს კითხვას, ხომ არ უნდა გადაიდოს არჩევნები მანამ, სანამ მოქალაქეებს "წესისამებრ, უსაფრთხოდ" ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.
"საერთო საფოსტო ხმის მიცემის გამო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე არაზუსტი და თაღლითური იქნება ამერიკის ისტორიაში. ეს იქნება უდიდესი სირცხვილი ამერიკისთვის. გადაიდოს არჩევნები მანამ, სანამ ადამიანებს უსაფრთხოდ და წესისამებრ შეეძლებათ ხმის მიცემა?", - წერს ტრამპი Twitter-ზე.
With Universal Mail-In Voting (not Absentee Voting, which is good), 2020 will be the most INACCURATE & FRAUDULENT Election in history. It will be a great embarrassment to the USA. Delay the Election until people can properly, securely and safely vote???
ამერიკის მრავალი შტატი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ფოსტის გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურულ გამარტივებას ცდილობს, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით.
ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბრისთვის არის დანიშნული.