logo
ENG



ტრანსპორტირება შედგა კარგად – სააკაშვილის ექიმმა და ადვოკატებმა გორის ჰოსპიტალი დატოვეს

20 ნოე 202103:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/20/c7k7hah1xnhw03k.jpg

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილის პირადმა ექიმმა და უფლებადამცველმა პირველი კომენტარი გააკეთეს, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში ტრანსპორტირებამ კარგად ჩაიარა.

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანამ ექსცესების გარეშე ჩაიარა და კმაყოფილია იმით, რომ პროცესის სამართლებრივად დაფიქსირება შეძლეს.

"გადმოყვანის პროცედურა ნორმალურად შედგა ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება და კმაყოფილები ვართ იმ პროცედურით რომელიც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ამას გარდა, უკვე ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით" ,– ამბობს ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ და ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი გვიან ღამით დატოვეს, ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პირველი რეანიმაციული დახმარება გაეწია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

"ტრანსპორტირება ჩატარდა კარგად, მოხერხდა ჩამოყვანა გორში, ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი იქვე, მდგომარეობა მძიმეა, რთულია, ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი, სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას. საკმაოდ ბევრს, ექიმებს, მე ვიცნობ ვინც აქ მუშაობენ, ამასთანავე მოვიდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი რეანიმატოლოგებისა, რომლებიც აქ იქნებიან მორიგეობით... სტაბილურობას ვერ დავარქმევთ ავადმყოფის მდგომარეობას, რომელიც რამდენი დღეა შიმშილობს, სტაბილურად კრიტიკულია, შეიძლება ითქვას" – ამბობს სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე

გარდა სამთავრობო კონსილიუმისა, მომდევნო დღეებში შედგება სახალხო დამცველის კონსილიუმის შეკრებაც.

ნიკა გვარამიას თქმით, ახლა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ყველაზე რთული ფაზა იწყება და უნდა შედგეს ე.წ. რეფიდინგის სწორი პროტოკოლი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უნდა გაკეთდეს ყოველდღიური ანგარიშები.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გორის ჰოსპიტალში მისმა დედამ გიული ალასანიამაც შეძლო.

მიხეილ სააკაშვილი გორში, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.


close დახურვა