logo
ENG



უგულავა: პლებისციტის შეთავაზება ოპოზიციის უდიდესი დათმობაა, ხელისუფლება უნდა დათანხმდეს

07 დეკ 202013:00
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე პლებისციტის შეთავაზება კომპრომისია, რომელზეც "ოდნავ ნორმალური ხელისუფლება უნდა დათანხმდეს". 

უგულავა ამბობს, რომ დაპირისპირების დროს იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა დალაგდეს ვითარება და გაირკვეს, ვინ არის მართალი, პოლიტიკაში აზრს ხალხს ეკითხებიან. ასეთი მექანიზმი კი, კონსტიტუციურად, პლებისციტია

"პოლიტიკაში ასეთი მექანიზმი, რასაც კონსტიტუცია ცნობს, არის - მოდი, ვკითხოთ ხალხს. ანუ პლებისციტი. ვკითხოთ ხალხს, უნდა თუ არა, რომ შემოდგომაზე ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, კი თუ არა. ვკითხოთ, უნდათ თუ არა რიგგარეშე არჩევნები შემოდგომაზე. თუ მოქალაქეების უმეტესობა, 50%-ზე მეტი იტყვის კის, დაინიშნება, თუ არა - არ დაინიშნება. ამაზე ლოგიკური გამოსავალი არ არსებობს. 

ჩვენ ვთვლით, რომ ეს უდიდესი დათმობაა პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ ხისტად ვითხოვთ არჩევნებს, იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნების საპირწონედ უნდა დაინიშნოს არჩევნები". - თქვა გიგი უგულავამ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში

წამყვანის კითხვაზე, რა გარანტიაა, რომ არ გაყალბდება პლებისციტი, უგულავა პასუხობს, რომ ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლის გარეშე არც რიგგარეშე არჩევნების გაუყალბებლობის გარანტია არ არსებობს. 

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისადმი შეთავაზების დოკუმენტში სხვა პუნქტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა გადახედვას არ ექვემდებარება. 

"რიგგარეშე არჩევნები თამარ ჟვანიას პირობებში არ ჩატარდება, ამას ჩვენ არ დავეთანხმებით, ისევე, როგორც მხოლოდ ცესკოს რეფორმას რიგგარეშე არჩევნების გარეშე, რასაც, სხვათა შორის, ქართული ოცნება გვთავაზობს, ძალიან ეფემერულად. თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს ვერც პლებისციტს და ვერც რიგგარეშე არჩევნებს". - ამბობს უგულავა. 

ოპოზიციის და ხელისუფლების ლიდერების მოლაპარაკებების III რაუნდი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. 

ქართული ოცნების დეტლური პოზიცია ოპოზიციის შეთავაზების თაობაზე საჯაროდ ცნობილი არაა. მმართელი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. 

თუმცა, დღეს შეხვედრის დაწყებამდე პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის შანსი არსებობს. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა