logo
ENG



უგულავა: რიგი შეზღუდვები აბსოლუტურად გაუთვლელია და არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას

26 ნოე 202017:06
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა: რიგი შეზღუდვები აბსოლუტურად გაუთვლელია და არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ჯანსაღი აზრის ფარგლებში არ ჯდება. 

როგორც უგულავამ აღნიშნა, მთავრობა შეზღუდვების დაწესების პროცესში მხოლოდ იმ სპეციალისტების აზრებს ითვალისწინებს, რომლებიც მათი "პოლიტიკური მარიონეტები არიან". ის მიიჩნევს, რომ შეხვედრებს ოპოზიციაც უნდა ესწრებოდეს და გაფართოებულ ფორმატში მსჯელობა ჯერ კიდევ მარტში უნდა დაწყებულიყო. 

ის მთის კურორტების ჩაკეტვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს და "მთაში პირდაპირ შიმშილს მივიღებთ". 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად გაუთვლელია, აბსოლუტურად არ ემსახურება პანდემიასთან ბრძოლას მთელი რიგი ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს გახარიამ გამოაცხადა. აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გადმოიწია ე.წ კომენდანტის საათმა, რომელზეც, რატომღაც, მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს და 21:00 საათიდან დაიწყება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ კომენდანტის საათი სადაც შემოიღეს, ყოველდღიური ინფიცირების ოდენობა გაიზარდა",- აღნიშნა უგულავამ.

უგულავა იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელის ტრანსპორტის შეზღუდვას ეხება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში მოქალაქეებს სამსახურში ტაქსით მოუწევთ მისვლა, რაც, უგულავას თქმით, "სისულელეა". მისივე შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკას დააზარალებს. 

"არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვინმე სამსახურში ტაქსით მივა, ეს არის სისულელე. იმის ნაცვლად, რომ ავტობუსებში დაგვემატებინა ზედამხედველობის სამსახურის ერთი თანამშრომელი, რომელიც მძღოლთან ერთად გააკონტროლებდა პირბადის ხმარებასა და ადამიანების ოდენობას ტრანსპორტში, ჩვენ ვიღებთ რეალობას, როდესაც სრულად იკრძალება ტრანსპორტი... ეს შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, რადგან თუ საჭიროა საახალწლოდაც საჭიროა, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს? და შემდეგ უკვე 3 იანვრიდან 2 კვირა ქვეყანა საერთოდ ისვენებს - ეს რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი და საბოლოო ჯამში, ჩვენ პანდემიაზე უარეს სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძლის გადიდება შეიძლება მიიღოს ამ ხალხმა იმიტომ, რომ სმას გადაჰყვეს ნახევარი ქვეყანა. საერთოდ გაუთვლელია ეს ყველაფერი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა