ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებას TV პირველის ეთერში ეხმაურება და ამბობს, რომ მაჟორიტარ დეპუტატად კანდიდატის დაყენების ერთ-ერთი კრიტერიუმი წარმომავლობაა.
უდუმაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ, ზუგდიდში მათ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას გამარჯვების უფრო დიდი შანსი აქვს, რადგან 36 წელია იქ მუშაობს.
უდუმაშვილის თქმით, ის ევროპული საქართველოს წარმომადგენლების კომენტარებს აღარ უპასუხებს.
"ამ შემთხვევაში ხაზი გაესვა იმას, მალხაზ ჯალაღონია რომ არ ყოფილიყო ზუგდიდელი, არ ვიტყოდი, ბუნებრივია. ხაზი გავუსვი, რომ ზუგდიდელია. მაშინ რატომ ვაყენებთ იგივე იმერეთსა და კახეთში კანდიდატებს მათი წარმომავლობის მიხედვით. ადამიანი, რომელიც იმ კუთხიდანაა წარმოდგენილი, უფრო დიდი შანსი აქვს. მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმომავლობა. რატომ არ დადგნენ მაშინ უგულავა და ბოკერია კახეთში? ის, რომ მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდელია, ეს ძალიან სასიამოვნოა. ის ზუგდიდში მუშაობს 36 წელია", - აცხადებს უდუმაშვილი.
უდუმაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა, ხოლო ევროპული საქართველო ივანიშვილის დამარცხებასთან ერთად, ენმ-ის დაკნინებას ცდილობს.
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, ზაალ უდუმაშვილის განცხადებას "ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს" ეხმიანება. უგულავას აინტერესებს, სანდრა რულოვსი ზუგდიდის რომელი სოფლიდან არის, რადგან ჯერ მაჟორიტარად და შემდეგ მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.
"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს“, - წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.
23 სექტემბერს გაერთიანებამ ძალა ერთობაშია მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია იქნება.