logo
ENG



უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ნიუ იორკის კანონი, რომელიც იარაღის საჯაროდ ტარებას კრძალავდა

23 ივნ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock 735
2022/06/23/c8ztywmsr86qg3h.jpg

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დღეს, 23 ივნისს გააუქმა 1 საუკუნეზე მეტი ხნის წინ მიღებული ნიუ იორკის კანონი, რაც სახლის გარეთ დაფარულ მდგომარეობაში მსუბუქი იარაღის ტარებას კრძალავდა.

გადაწყვეტილებას მხარი 9-დან 6-მა მოსამართლემ დაუჭირა. მათი აზრით, არსებული კანონი არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციას, რაც მისი გაუქმების მიზეზი გახდა.  

„ვინაიდან, ნიუ იორკის შტატი იარაღის საჯაროდ ტარების ლიცენზიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, როცა აპლიკანტი წარმოადგენს თავდაცვის სპეციალურ საჭიროებას, ჩვენ დავასკვენით, რომ შტატის ლიცენზიის რეჟიმი არღვევს კონსტიტუციას“ - განაცხადა მოსამართლე კლერენს თომასმა.

მოსამართლის თქმით, აშშ-ის კონსტიტუცია იცავს „ინდივიდის უფლებას, სახლის გარეთ თავდაცვის მიზნით ატაროს იარაღი“.

ნიუ იორკში 1913 წელს მიღებული კანონის მიხედვით, იმისთვის რომ მოქალაქეს დაფარულ მდგომარეობაში მსუბუქი იარაღი საჯაროდ ეტარებინა, ლიცენზიაზე განაცხადის შეტანისას მას უნდა წარედგინა "სათანადო მიზეზი" - იარაღის ტარების კონკრეტული საჭიროება.

ამ კანონის შესაბამისად შტატი გასცემდა, როგორც შეუზღუდავ ლიცენზიებს, რომლის მფლობელებსაც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ყველგან შეეძლოთ და შეზღუდულ ლიცენზიებს, რომელიც ადამიანს მხოლოდ კონკრეტული მიზნით (როგორიცაა მაგალითად ნადირობა) აძლევდა იარაღის ტარების უფლებას.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლეებმა გააუქმეს ნიუ იორკის კანონი, რომელიც მოქალაქეებს სთხოვდა იარაღის ტარების კონკრეტული საჭიროება წარედგინა იმისთვის, რომ მიეღო მსუბუქი იარაღის საჯაროდ ტარების უფლება. მოსამართლეების თქმით, ეს მოთხოვნა კონსტიტუციის მეორე შესწორებას არღვევდა.

აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკის მსგავსი კანონი კიდევ 6 შტატს - კალიფორნიას, ჰავაის, მერილენდს, მასაჩუსეტსს, ნიუ ჯერსისა და როდ აილენდს აქვს. ნიუ იორკის გადაწყვეტილების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ამ შტატებშიც შესაბამისი კანონის კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ დადგება.

ნიუ იორკის კანონის მხარდამჭერები შიშობენ, რომ მისი გაუქმება ქუჩებში მეტი იარაღის გამოჩენას და ძალადობრივი დანაშაულების რიცხვის ზრდას გამოიწვევს.

გადაწყვეტილება რომელსაც მხარი 6-მა მოსამართლემ მხარი დაუჭირა, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის უდიდეს ქალაქებში მათ შორის - ნიუ იორკში, ლოს ანჯელესსა და ბოსტონში მეტ ადამიანს მისცემს იარაღის ტარების უფლებას. აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ცხოვრობს იმ შტატებში, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების შედეგები შეეხებათ.

აშშ-ის 25 შტატი საკუთარ მოსახლეობას აძლევს უფლებას დაფარულ მდგომარეობაში ატაროს მსუბუქი იარაღი საჯარო სივრცეების უდიდეს ნაწილში ნებისმიერი ტიპის ნებართვის, წარსულის შემოწმების ან უსაფრთხოების წვრთნების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იარაღის ტარების შესახებ 2010 წელს მიიღო. მაშინ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის მოსახლეობას აქვს უფლება თავდაცვის მიზნით სახლში ინახავდეს იარაღს.


close დახურვა