საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების წევრებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს. დოკუმენტის ინციიატორები ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.
კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, დაასაბუთოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოსამართლის შერჩევის შესახებ.
ასევე, შესაძლებელი გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გასაჩივრება საკვალიფიკაციო პალატაში, საჩივრის წარდგენის ვადად 1 კვირა განისაზღვრება, მისი განხილვის ვადა კი - 2 კვირა.
იმავე საკანონმდებლო ცვლილებებს სახალხო დამცველიც ითხოვდა და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა, თუმცა, საკონსტიტუციომ ომბუდსმენის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, სარჩელში, რომლითაც ლომჯარიას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1).
ომბუდსმენი პრობლემურად მიიჩნევდა კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღებას და, ასევე, მათი გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობას.
კენჭისყრის ფარულობის ნაწილი კობახიძის კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის. დოკუმენტში, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, ომბუდსმენის შენიშვნები ნაწილობრივ არის ასახული.