logo
ENG



უკვე რამდენიმე საათია თურქეთ-სირიის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა

18 ოქტ 201920:40
3 წუთის საკითხავი
 
xu6zhgtbsxfh4yl.png

უკვე რამდენიმე საათია თურქეთ-სირიის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, თურქეთის ჯარმა სირიის ჩრდილოეთ რაიონების დატოვება დაიწყო. ჯავშან მანქანების კოლონა, სირიის ოპოზიციის მებრძოლებთან ერთად, თურქეთის საზღვრის მიმართულებით ბრუნდება. თუმცა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმუქრება, რომ თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება, თურქი სამხედროები შეტევას განაახლებენ.

„უსაფრთხო ზონის საკითხი მოგვარდება, თუ შეერთებული შტატები შეძლებს საკუთარი დაპირებების შესრულებას მომავალ სამშაბათამდე, როდესაც 120 საათი ამოიწურება. მაგრამ თუ დაპირებები არ შესრულდება, სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ გაგრძელდება. ჩვენთვის არ არის პრობლემა, თუ სირიის სამთავრობო ძალები გააკონტროლებენ ქურთებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიას. ხაზს ვუსვამ, ჩვენი მიზანი მხოლოდ უსაფრთო ზონის ტერორისტული დაჯგუფებებისგან გაწმენდაა." - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა სპეკულაცია და დეზინფორმაცია უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობებს სასაზღვრო რეგიონებში შეტაკებების გაგრძელების შესახებ. აფეთქებების ხმა დილიდან ქალაქ რას ალ აინთან და მის შემოგარენში ისმოდა. საარტილერიო შეტევას 5 ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა.  

შეგახსენებთ, რომ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია თურქეთმა 9 ოქტომბერს დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებს 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასამდე ადგილობრივს კი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.  


close დახურვა