logo
ENG



უკრაინა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ

23 თებ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/6mrfld51171gvbm.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს რუსეთი დაუყოვნებლივ დატოვონ და თავი შეიკავონ გამგზავრებისგან. 

"უკრაინის მიმართ რუსეთის გაძლიერებული აგრესიის ფონზე, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს უკრაინის მოქალაქეებს თავი შეიკავონ რუსეთში ნებისმიერი მგზავრობისგან, ხოლო მათ, ვინც იმყოფება ამ ქვეყანაში, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია", - ნათქვამია განცხადებაში.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა ევროკავშირმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

გარდა ამისა, რუსეთს შეეხება კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის სანქციები. 


close დახურვა