logo
ENG



უკრაინა პარტნიორებისგან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ითხოვს

10 ოქტ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/10/yxby0ps2fb4ufed.jpg

 

უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ითხოვს. 

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, ის კანადელ კოლეგას, მელანი ჯოლს ესაუბრა, რომელმაც რომელმაც "დაარწმუნა, რომ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებზე პასუხი უკრაინის უფრო მტკიცე პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება".

"მე ვესაუბრე ჩემს კანადელ კოლეგას მელანი ჯოლს, რომელმაც დამარწმუნა, რომ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებზე პასუხი კიდევ უფრო მტკიცე პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება უკრაინისთვის. მე ხაზგასმით აღვნიშნე: პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ ძალები, რათა უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდონ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები", - წერს კულება Twitter-ზე.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.

სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.


close დახურვა