logo
ENG



უკრაინამ ელჩთან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იარაღის მიწოდებაზე პოზიციას გადახედავს

25 იან 202319:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/25/yk0llinsew5sry8.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ელჩთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევჰენ პერებიინისს შეხვდა.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას აწვდიან, ასევე, თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.

"ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის ფედერაციაში ფრენების განახლებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ევჰენ პერებიინისმა, ასევე, დააყენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა.

უწყება აღნიშნავს იმასაც, რომ ევჰენ პერებიინისმა ქართულ მხარეს გენერატორების მიწოდებისთვის, ამასთან, საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის მადლობა გადაუხადა.

სამინისტროს განცხადებითვე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებიც, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად შეაფასეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისო დიალოგის გააქტიურება.

გუშინ, 24 ინვარს ანდრი კასინოავმა არ გამორიცხა, რომ საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს, რასაც ქართულ ოცნებაში კრიტიკა მოყვა.

დღეს კასიანოვი გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს ამ თემაზე და თქვა, რომ მისი განცხადება კონტექსტიდან ამოგლიჯეს.

დღესვე, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა - მათი ცნობით, უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით.


close დახურვა