logo
ENG



უკრაინაში სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის გარემოებებს იკვლევენ

07 ოქტ 202117:34
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინაში სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის გარემოებებს იკვლევენ
კადრი

უკრაინაში მესაზღვრეები მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის გარემოებებს იკვლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UNIAN სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

"უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით სასაზღვრო სამსახური ნამდვილად ატარებს შემოწმებას", - განაცხადა ანდრეი დემჩენკომ. კერძოდ იძიებენ სააკაშვილის უკრაინიდან გასვლისა და საზღვრის კვეთის გარემოებებს.

"დეტალურად მოწმდება სრული ინფორმაცია, როგორ გავიდა ის უკრაინის გარეთ. ამჟამად სამხრეთ რეგიონული სამსახურის ზოგიერთი მაღალჩინოსანი მოკვლევისა და დასკვნების მიღების პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობებს ჩამოშორებულია", - აღნიშნა სპიკერმა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. ის თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. 

3 ოქტომებრს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პირადად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინაში დაბრუნდეს. 

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ.


close დახურვა