logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: მობილიზაციის გამო რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა

26 სექ 202211:44
3 წუთის საკითხავი
clock 623
2022/09/26/yfb6f91ve2scai8.jpg

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა. რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე, ევალებათ გამოცხადდნენ სამი დღის ვადაში.

"ბელგოროდის რეგიონში შეკრების პუნქტებში მისულ პირებს ხვდებათ იმ ნივთების სია, რომლებიც უნდა შეიძინონ საკუთარი ხარჯებით, მათ შორის თბილი ტანსაცმელი."- წერს უკრაინის გენშტაბი.

გენშტაბი აცხადებს, რომ პარალელურად, მტერი ცდილობს ჩაატაროს გამოცხადებული უკანონო რეფერენდუმი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებებში საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები შეიარაღებულ რუს სამხედროებთან, აიძულებენ ადგილობრივ მოსახლეობას მონაწილეობა მიიღონ ე.წ. რეფერენდუმში. იგივე ზომებს მტერი ახორციელებს ლუჰანსკის რაიონის დასახლებებში."- ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენერალური შტაბი. 

21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

23 სექტემბრიდან უკრაინის დროებით ოკუპირებულ 4 რეგიონში ე.წ რეფერენდუმები დაიწყო.

ოკუპირებულ ლუჰანსკსა და დონეცკში მოსახლეობას ერთ კითხვას დაუსვამენ: "სურთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა?".

ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში კი ე.წ. რეფერენდუმი სამი კითხვისგან შედგება: გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა? გსურთ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა? გსურთ თუ არა რუსეთთან შეერთება?

ე.წ რეფერენდუმები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დასავლურმა ქვეყნებმა, ასევე ევროკავშირმა და NATO-მ დაგმეს ე.წ რეფერენდუმები და განაცხადეს, რომ ყალბ შედეგებს არ ცნობენ.


close დახურვა