logo
ENG



უკრაინის საგარეო ფრენებზე: გაკვირვებული ვართ საქართველოს ქმედებებით, კრემლი აღფრთოვანებულია

16 მაი 202318:44
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის საგარეო ფრენებზე: გაკვირვებული ვართ საქართველოს ქმედებებით, კრემლი აღფრთოვანებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინა გაკვირვებულია საქართველოს ქმედებებით, რომელიც დათანხმდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, მიუხედავად საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა.

საგარეო საქმეთა წარმომადგენლის ოლეგ ნიკოლენკოს კომენტარს უკრაინული მედია აქვეყნებს. ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯი მაშინ გადადგა, როდესაც მსოფლიო მაქსიმალურად ცდილობს რუსეთის იზოლირებას, რათა აიძულოს, რომ შეწყვიტოს ომი.

"და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაუსჯელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. კრემლი აშკარად აღფრთოვანებული იქნება ასეთი შედეგით", - თქვა ნიკოლენკომ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა