უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვის გამო, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა საგანგებო სხდომა მოიწვიეს, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
შეხვედრაზე ზელენსკი სიტყვით გამოვა და რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილ ტერაქტებზე ისაუბრებს. G7-ის საგანგებო სხდომის ჩატარების თხოვნით ზელენსკიმ თავმჯდომარე ქვეყანას გერმანიას დღეს მიმართა, რის შემდეგაც კანცლერმა შოლცმა უკრაინის პრეზიდენტის თხოვნა დააკმაყოფილა.
***
უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის.
სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნეპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.