logo
ENG



უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა

31 ოქტ 202215:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/l1qal5gtus3j3i2.png

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში, ნასლავჩას დასახლებასთან ჩამოვარდა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, რუსების მიერ გაშვებული რაკეტა მოლდოვა-უკრაინის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დასახლებულ პუნქტში რამდენიმე სახლს ფანჯრები ჩაემსხვრა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსებმა რაკეტა დნესტროვსკის ჰიდროელექტროსადგურს ესროლეს, რომელიც ნასლავჩანსკის ჰიდროელექტროსადგურისგან 10 კილომეტრით არის დაშორებული. წყალდიდობის საფრთხე არ არსებობს.

მომხდარს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინიტრო უკვე გამოეხმაურა და რუსების საჰაერო თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მკაცრად დაგმო.

"ეს თავდასხმები, რომლებიც კიდევ უფრო ამძაფრებს უსაფრთხოების ვითარებას, არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა, რომელიც კრძალავს თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და მათ ინფრასტრუქტურაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, დღეს რუსული ძალები რაკეტებითა და დრონებით უკრაინის 10 რეგიონს დაესხნენ თავს. შმიგალის თქმით, 18 ობიექტი დაზიანდა, მათი უმეტესობა ენერგეტიკული ობიექტია. 

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით უკრაინაში გაშვებული 44 რუსული საკრუიზო რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. მთლიანობაში რუსეთმა 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.


close დახურვა