logo
ENG



უოლკერი: პომპეოს აქვს შანსი შექმნას ორპარტიული ამბიციური ხედვა საქართველოს შესახებ

17 ნოე 202022:41
3 წუთის საკითხავი
clock 1812
2020/11/17/kslopublskoj5k5.jpg

აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, დიპლომატი კურტ უოლკერი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში მკაფიო ორპარტიული სტრატეგიული ხედვა უნდა შექმნას, რომელსაც შემდგომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ქვაკუთხედად ჩამოყალიბდეს. 

ხედვის გასამყარებლად უოლკერი რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შესახებ საუბრობს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამდგომლობით მიღწეულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, რაც უოლკერის მოსაზრებით, ამერიკისა და ევროპის მეტ ჩართულობას მოითხოვს საქართველოს დასახმარებლად. 

"ეს ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პირველად რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში სამხედრო ძალები ჰყავს განთავსებული: სომხეთში ნებაყოფლობით, აზერბაიჯანში სამშვიდობოების სტატუსით, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ძალების სახით. მცოცავი იმპერიის მსგავსი ნაბიჯები დამატებით წნეხს ქმნის საქართველოსთვის, ყველაზე წარმატებული დემოკრატიისა და ყველაზე პროდასავლური საზოგადოებისთვის რეგიონში", - წერს უოლკერი. 

უოლკერი აღნიშნავს, რომ მზარდი გეოპოლიტიკური წნეხი საქართველოში არჩევნების შედეგად შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას დაემთხვა. 

"გაერთიანებულმა ოპოზიციამ არ მიიღო არჩევნების შედეგები, საარჩევნო დარღვევების უხვი მაგალითების მოხმობით, რომელიც კვლავ გამოსაძიებელია. ამას გარდა, თითქოსდა ერთიანი ოპოზიცია სინამდვილეში დაყოფილია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საკითხის გარშემო, რომლის პარტიამაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.

აქ კი პომპეოს როლი განსაკუთრებით საჩოთიროა. მას მოუწევს კანონის უზენაესობის ორივე მხარეს დაცვა, რაც ნიშნავს, რომ გაყალბების ყველა ბრალდება უნდა გამოიძიონ, და სპეციალური ზომები გაატარონ იქ, სადაც აუცილებელი იქნება. ამავდროულად, მან ხაზი უნდა გაუსვას, რომ დემოკრატია მოითხოვს ხელისუფლებასაც და მძლავრ ოპოზიციასაც. საარჩევნო შედეგების გამოძიებისა და დადასტურების შემდეგ გამარჯვებულმა მხარეებმა უნდა შექმნან ხელისუფლება, დამარცხებულებმა კი უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილი პარლამენტში, როგორც ოპოზიციამ. ყველა მხარემ დემოკრატიული პროცესის გაგრძელებას უნდა უერთგულოს. ზომები კი დემოკრატიული და სამართლებრივი გზით უნდა გატარდეს", - წერს უოლკერი. 

უოლკერი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსაც განიხილავს. მისი შეფასებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში მოწინავე ადგილების დაკავების მიუხედავად, ინვესტორები უფრთხიან საქართველოში გრძელვადიანი საქმიანობების წამოწყებას. გეოგრაფიული მდებარეობისა და ბაზრის სიმცირის გარდა, უოლკერის აზრით, ამის მიზეზი მართლმსაჯულებისა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ არსებული აღქმებია, რაც პოლიტიკურ ზეწოლას შეიძლება დაექვემდებაროს.

სხვა გავლენიან ანალიტიკოსთა მსგავსად, საინვესტიციო გარემოს შეფასების საილუსტრაციოდ უოლკერს ანაკლიის პორტისა და ციფრული დერეფნების პროექტების ჩაშლა მოჰყავს, რაც მისი თქმით, ინვესტორებისთვის სახიფათოდ აღიქმება. 

"არჩევნების შემდგომ პერიოდში ახლებური მიდგომით ამ პროექტების (ისევე როგორც სხვა მსგავსი პროექტების) აღდგენა სავსებით შესაძლებელია, კერძო-საჯარო თანამშრომლობის გზით.

საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოაბრუნოს. მომცრო, შორსმყოფი ბაზრის ნაცვლად, საქართველომ საკუთარი თავი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთადერთ კორიდორად უნდა წარმოაჩინოს, როგორც ქვეყანამ, რომელიც ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და ევროპას რუსეთისა და ირანისგან დამოუკიდებლად აკავშირებს. თავისთავად საქართველო შესაძლოა ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისთვის საინტერესო არ იყოს, თუმცა საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლურ, კანონის უზენაესობის პრინციპის პატივისმცემელ და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე ღია ქვეყანას, შეუძლია გახდეს ფინანსურად, ლოჯისტიკურად და ციფრული დერეფნების თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობის ქვეყანა", - წერს უოლკერი. 

ავტორის აზრით, პომპეოს, შიდა პოლიტიკური შერიგებისა და აშშ-ის ჩართულობის კავლავ განმტკიცების გარდა, აქვს შესაძლებლობა, აშშ-ს დაუსახოს ხედვა საქართველოს, როგორც რეგიონის საკვანძო ეკონომიკური მოთამაშის შესახებ. 

"მას შეუძლია დაადასტუროს აშშ-ის განზრახვა, განათავსოს ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონული ოფისი თბილისში, შესთავაზოს საქართველოს დახმარება ინვესტორებთან მიმდინარე დავებში და განამტკიცოს ხედვა, რომელსაც აშშ-ის შემდეგი ადმინისტრაცია გააგრძელებს. 

რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის გასაძევებლად, აშშ-ის შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაძლიერებას შეუწყოს ხელი", - წერს უოლკერი. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. 

პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სახელმწიფო მდივნის შეხვედრები ხვალ გაიმართება. 

ვიზიტის ფარგლებში პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდება, "რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ". 


close დახურვა