logo
ENG



უხვი ნალექი აჭარაში - მოსახლეობას სახლები დაეტბორა

31 ოქტ 201911:00
3 წუთის საკითხავი
 
itsxtuil45aykcl.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30-31 ოქტომბერს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, უწყების მაშველებმა განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა.

"ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის ჯგუფები. მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი",- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აჭარაში ასევე, დაფიქსირდა მეწყერის ორი შემთხვევა და დაზიანდა ერთი ხიდი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

"ამ დროისთვის, აჭარაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რამდენიმე ადგილას გრძელდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები",- აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა