logo
ENG



ფაშინიანი: სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან

19 სექ 202316:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/4glekm21qfih4q4.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალები განთავსებული არაა. აზერბაიჯანის "ანტიტერორისტული ღონისძიებების" საპასუხოდ ფაშინიანი ამბობს, რომ გარკვეული გარე და შიდა ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ.

"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო მთიანი ყარაბაღის დაბომბვა, ფაქტობრივად მთელი ტერიტორიის, ასევე გარკვეული დროის შემდეგ მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზის გარღვევისა და პოზიციის და, ზოგიერთი მონაცემით, დასახლებული პუნქტების, გაკონტროლების ოპერაცია დაიწყო. აზერბაიჯანმა სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით დაიწყო. სომხეთს არავისთვის მიუცია მანდატი, მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა ჩაეტარებინა. გარკვეული ძალები როგორც შიდა, ისე გარე, ცდილობენ სომხეთის ომში ჩათრევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ: სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არაა. ეს მათ არ გამოუვათ", - განაცხადა ფაშინიანმა პირდაპირი ეთერის დროს.

აზერბაიჯანის განცხადებით, "კონსტიტუციური სტრუქტურის აღდგენის მიზნით, რეგიონში ანტიტერორისტული ღონისძიებების" გატარებაა დაწყებული. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამას წინ უძღოდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მთიან ყარაბაღში საარტილერიო ცეცხლი გახსნა აზერბაიჯანის სამხედროებისთვის - მათი თქმით, ამის "საპასუხოდ" მიიღეს შესაბამისი ზომები.

ამავე დროს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხეთის ძალები არაა და ოფიციალური ბაქოს განცხადებებს ტყუილს უწოდებს.

მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა. ასეულობით ადამიანი მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბა. ისინი პრემიერ ფაშინიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ არსებული მდგომარეობა ყარაბაღში მისი პოლიტიკის შედეგია.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის პირველი მსხვერპლია.

"ორი გარდაცვლილი, რომელთაგან ერთი ბავშვია", - განუცხადა მან BBC-ს.

სტეპანიანი ასევე ამბობს, რომ დღეს 11 ადამიანი დაიჭრა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სოფელში ბავშვები დაშავდნენ, რომლებიც სტეფანაკერტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


close დახურვა