ფეისბუქის LIVE-ში გაკეთებული განცხადების გამო ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად ცნეს და ჯარიმის სახით 800 ლარის გადახდა დააკისრეს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს - მოსამართლემ ეს ნაწილი დარღვევად არ მიიჩნია, თუმცა მიიჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მამამ Facebook-ის პირდაპირ ეთერში შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და ის სამართალდამრღვევად ცნო.
ადვოკატების განცხადებით, ეს შეიცავს რისკებს, რომ სოციალურ ქსელში შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
"ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა LIVE-პოსტი, სადაც მას ჰქონდა შეფასება საკუთარი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა აქ აღვნიშნავ, რომ როცა საუბრობს პოლიციაზე, მის იდენტიფიცირებას არ ახდენს, სახელ-გვარს არ ასახელებს, თუმცა მოწმე პოლიციელი როცა იმყოფებოდა სასამართლოზე, მან თქვა, რომ ეს შეურაცხყოფა მიიღო საკუთარ თავზე, ასევე, მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირი შემოწმება მიმდინარეობდა ბექა გრიგორიადისის Facebook-გვერდის", - განაცხადა ადვოკატმა.
რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების პრაქტიკებში გამოიკვეთა ახალი, სახიფათო ტენდენციები, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება - კერძოდ, მოქალაქეს Tik-Tok-ზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს, 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
***
20 ივნისს მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამამ პროტესტის ნიშნად პირი და თვალი ამოიკერა. ის შვილის დაკავებას პარლამენტთან აპროტესტებს - 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო - ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას რამდენჯერმე "ორიენტაციაარეული" უწოდა.
ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.