logo
ENG



ფლანგვა: საგარეჯოს მერიამ გულიაშვილს 9 000 ლარი ტენდერის გვერდის ავლით გადაუხადა

25 მაი 202321:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/25/6jkqev9rp71sx1j.jpg

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგარეჯოს მერიამ 2023 წლის 6 მაისის - გიორგობის დღესასწაულისთვის მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით პაატა გულიაშვილის "სახელოვნებო მომსახურება" შეიძინა, რომელშიც 8,930 ლარი გადაიხადა.

მათი ცნობით, შესყიდვის დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საგარეჯოს მერიამ, როგორც თავად თვითმმართველობის ორგანო წერს, "ყველასთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორის" პაატა გულიაშვილის მომსახურების შეძენა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა.

"სოფლის მოსახლეობას სურვილისა და ინტერესებიდან გამომდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია დაეხმაროს მოსახლეობას ღონისძიების ორგანიზებაში და მათივე თხოვნით მოიწვეულ იქნას პაატა გულიაშვილი", - წერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.

გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სოფელ გიორგიწმინდაში, 6 მაისს გაიმართა. ღონისძიებები 11:00 საათიდან ჭიდაობით გაიხსნა, შემდეგ კი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი წარმოების ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, საბოლოოდ კი 15:00 საათზე კონცერტით დაიხურა, რომელშიც მონაწილეობა პაატა გულიაშვილმა და ქსოვრელებმა მიიღეს.

"Პაატა გულიაშვილი ამჟამად თელავის თეატრის დირექტორია. ის კიდევ ერთხელ აღნიშნულ თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა, რადგან არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. ეს თეატრის დირექტორის პოსტზე გულიაშვილისთვის მესამე ვადაა - თავდაპირველად 2012 წელს, შემდეგ 2017 წელს.

გარდა ამისა, პაატა გულიაშვილი აქტიურად იყო ჩართული ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამთავრობო პროპაგანდასა და აქტივობებში. 2022 წლის 28 თებერვალს ის ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ბერძენიშვილის საწინააღმდეგოდ თელავში გამართულ აქციაზე, სადაც იმუქრებოდა და ამბობდა, რომ “ენა უნდა და­ი­მოკ­ლოს (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა) სა­ნამ მე­ფეს ახ­სე­ნებს, ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ, სა­ნამ თე­ლა­ვე­ლე­ბი კარ­გად ვლა­პა­რა­კობთ. არ გა­ბე­დონ და ამ ვი­გინ­და­რებ­მა ასე­თი სი­ტყვე­ბი არ წარ­მოს­თქვან”. აქციაში მონაწილეობის შემდეგ, გულიაშვილმა ტელეკომპანია ფორმულაც დატოვა.

Პაატა გულიაშვილს 2019 წლიდან დღემდე გამარტივებული შესყიდვების საშუალებით 60,555 ლარი აქვს მიღებული. Როგორც წესი მის მომსახურებას  სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერიები გასართობი ღონისძიებებისთვის ყიდულობენ. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ხელშეკრულებები 2022 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და 2023 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიას აქვთ გაფორმებული - ორივეს 8,930-8,930 ლარი", - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.


close დახურვა