logo
ENG



ფოთისა და წალენჯიხის საკრებულოების წევრებმა შიმშილობა დაიწყეს

18 ნოე 202109:12
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდის და რუსთავის შემდეგ შიმშილობა დაიწყეს წალენჯიხის საკრებულოს წევრებმა და ფოთის  საკრებულოს სამმა დეპუტატმა. ისევე, როგორს სხვა მოშიმშილეების, ასევე მათი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. 

"ადამიანები საკუთარი თავისუფლების, ცხოვრების რისკის ფასად არიან ჩართულნი ბრძოლაში. ამ ბრძოლაში უკვე ჩაერთნენ წალენჯიხელი მოშიმშილეები. ეს ბრძოლა გაიშლება ქუჩებში დემოკრატიული პროტესტით, გაიშლება რაიონებში და ქვეყანაში მოშიმშილეების რაოდენობით. ვამბობ, რომ წალენჯიხა არის გადამდები", - ამბობს წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა.

სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობა დაიწყო პაატა ბურჭულაძემ. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა