ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თურქეთის მოქალაქე ესწრებოდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ფორმულას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ განუცხადა, თურქეთის მოქალაქეს კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ის ბათუმის ინფექციურ კლინიკაში გადის მკურნალობას.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა 31 აგვისტოს ჩატარდა, რომელსაც 13 ადამიანი ეწრებოდა. მათგან 8 უცხოეთის და 5 საქართველოს მოქალაქე იყო. ზინაიდა გაგუას თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა ტესტირება ჩაიტარეს და პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
"31 აგვისტოს ჩატარდა შეხვედრა, სულ იყო 13 ადამიანი. ამ 13 ადამიანიდან 5 იყო საქართველოს, 1 ამერიკის და 7 თურქეთის მოქალაქე.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორი თანამშრომელი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, გუშინვე გაიტესტნენ და დღეს ველოდებით პასუხს. დანარჩენმა სამმა მოქალაქემ გუშინვე დატოვა ფოთი და თავისთავად ისინიც იქნებიან გატესტილები, რადგან თავდაცვის სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში", - განაცხადა ზინაიდა გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1568 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1 279 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა.