ფორმულას ინფორმაციით, თბილისს, შესაძლოა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი წარმომადგენელი ეწვიოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლარაკებები გარკვეული ფორმით განახლდეს.
ინფორმაცია, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
29 აპრილს, ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. მიშელმა აღნიშნა, რომ საკითხზე პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციებს იწყებს და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.
შეთანხმების ანულირებას კრიტიკა მოჰყვა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან.