logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული

14 მარ 202309:08
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ფორმულას ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს გამოჰკითხავენ. ის 7-8 მარტს პოლიციელების მხრიდან ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე უნდა გამოიკითხოს.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ პოლიციელებს არ ჰქონდათ სურვილი, ოპერატორს მოქალაქეებზე მათი მხრიდან ძალადობის შემთხვევები გადაეღო და განსაკუთრებით აგრესიულები ამ დროს იყვნენ.

"მე და ჩემი ოპერატორი, დავით მანია ვიღებდით, როგორ აკავებდნენ სამართალდამცავები აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და ამ დაკავების დროს მასზე ძალადობდნენ. სავარაუდოდ, პოლიციელებს არ სურდათ, რომ ეს ფაქტი გადაგვეღო - ამის შემდეგ, დაახლოებით, 6-7-მა სამართალდამცველმა შემოგვარტყა წრე, ცდილობდნენ ოპერატორისთვის კამერა წაერთვათ, ობიექტივზე გვაფარებდნენ ხელს და უკვე ამის შემდეგ დაიწყეს ფიზიკური ანგარიშსწორება ჩემზე და ჩემს ოპერატორზე", - განაცხადა ჟურნალისტმა.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

13 მარტს კოალიციამ საგამოძიებოს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებზე მიმართა და მათ მოუწოდა, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენელთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში ხელის შლების, ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სხვა შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.


close დახურვა