ამერიკელი დიპლომატი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ამბობს, რომ “ ისე ჩანს, რომ ის უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება”.
ყოფილი დიპლომატის თქმით, “ომის პარტიას” პუტინი მართავს, ხოლო უკრაინის მხარდამჭერთა კოალიციაში ის ქვეყნებიც შედიან, რომლებიც 2008 წელს საქართველოსაც უჭერდნენ მხარს.
„ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ. მას პუტინი მართავს. მან დაიწყო და აგრძელებს ამ ომს. არსებობს იმ ადამიანების კოალიცია, თუ გნებავთ პარტია, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ გადარჩენისთვის ბრძოლაში. მათი უმეტესობა საქართველოს უჭერდა მხარს 2008 წელს. ნუთუ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მაშინ შევცდით? რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ის ჩვენს უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება“ - განაცხადა დენ ფრიდმა.
ფრიდის თქმით, საქართველოსგან უკრაინის მხარდაჭერა მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება.
„არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. მაგრამ, საქართველოს მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან უკრაინის სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ“ - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
8 თებერვალს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა" აქვს, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია. 9 თებერვალს კი დაამატა, რომ "რუსეთის უპირატესობა" ფაქტობრივი მოცემულობაა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაც და აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლებიც ადასტურებენ.