logo
ENG



#ქალებისვამენ - თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

12 ოქტ 201920:14
3 წუთის საკითხავი
 
jxtelbbik6ksn5v.png

ქალები სვამენ - ამ სლოგანით ქალები სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პასუხობენ. ქალები სოციალურ ქსელში ავრცელებენ იმ ფოტოებს, სადაც ალკოჰოლური სასმელებით არიან წარმოდგენილნი.

თავად ილია ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამტკიცებენ, რომ თოდაძე შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის გამო მან დააზიანა ოფისში არსებული ტექნიკაც და მოაწყო ძალადობის ინსცენირებაც.

სწორედ ამ გაცხადების შემდეგ გამოაქვეყნეს ქალებმა ის ფოტოები, სადაც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებიან.

როგორც კამპანიის მონაწილე ქალები ამბობენ, კუბლაშვილის განცხადებები დისკრედიტაციას ემსახურება. მსგავსი მიდგომა კი საზოგადოებაში გამყარებულ პატრიარქალურ მიდგომებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.

„ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი და მისი უფლებების დამცველი, მათ შორის ილია ჯიშკარიანსაც. მაგრამ ცუდია ის საქციელი, როცა კუბლაშვილი კლიენტის დასაცავად იყენებს იმ მეთოდს და ფორმას, რომელიც ყველაზე იაფფასიანია. ის ცდილობს საზოგადოებაში ისედაც გამეფებული მოსაზრებები კიდევ უფრო მეტად გაქტიუროს და მოახდინოს მსხვერპლის დისკრედიტაცია,“ - განმარტავს “ქალთა მოძრაობის“ წევრი ნინია კაკაბაძე. 

ამ შემთხვევას პოლიტიკოსებიც აფასებენ. მათი თქმით ჯიშკარიანი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და აღკვეთის ღონისძიებამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ საკრებულოს წევრმა ვერ შეძლოს საქმეში დაკითუხლ მოწმეებზე გავლენის მოხდენა.

„როდესაც ქალაქის მერი და ზოგადად მთელი უმრავლესობა, იგივე საკრებულოში, იცავენ ჯიშკარიანს, ეს არის სამარცხვინო; ფსკერზე უფრო დაბლა. იყო სამარცხვინო განცხადებები იმასთან დაკავშირებით რაც კუბლაშვილმა გააკეთა, რომ თამთა იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ესე იგი, უმრავლესობის და ადვოკატის მხრიდან გამოდის, რომ თუ ქალს მიღებული აქვს ალკოჰოლი ან თუნდაც ალკოჰოლური თრობის ქვეშაა, ესე იგი მასზე ძალადობა შეიძლება. ეს არის სახე ზუსტად იმ პროპაგანდის, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება,“-აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ხატია დეკანოიძე.

ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, 11 ოქტომბერს საავადმყოფოში 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს. მას აეკრძალა საქმეში დაკითხულ მოწმეებთან ნებართვის გარეშე კონტაქტი და თამთა თოდაძესთან მიახლოება.  

 

 

 


close დახურვა