logo
ENG



ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები: ვგმობთ პარტიების განცხადებას გოგი წულაიას მიმართ

22 აპრ 202120:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/22/2s6ovc9275dxk6q.jpg

ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები გოგი წულაიას შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას გმობენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "აღნიშნულ საქმეში გოგი წულაიას პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა განპირობებულია პარტიული მიკერძოებულობით და მოკლებულია საფუძველს".

"ქალთა მოძრაობა და ქალთა ორგანიზაციები გმობენ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ განცხადებას სქესობრივ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას მიმართ. 

პარტიების მხარდამჭერი განცხადება გოგი წულაიას მიმართ არის უკიდურესად შემაშფოთებელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.“

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ 138-ე მუხლი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და ასეთი ქმედებისთვის, მოცემულ საქმეზე არსებული რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდებული არის გავლენიანი ფიგურა და შეუძლია ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, მათ შორის, დაზარალებულზე ზეწოლის გზით.

პარტიები აღნიშნავენ, რომ „ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება,“ ეს ინფორმაცია არ დასტურდება სტატისტიკით (იხილეთ სასამართლოს განცხადება). პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ დაწყებული გამოძიებებისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა რიცხვი ისედაც დაბალია ამ ქვეყანაში, მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე და ორიენტირებული მსხვერპლის დაცვაზე და შეღავათიანი და მსუბუქი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ ზოგადად არის პრობლემა. იმის მაგივრად, რომ პარტიები ითხოვდნენ სექსუალურ ძალადობაში მხილებული პირების მიმართ მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას, ისინი მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემას შეღავათი გაუწიოს პოლიტიკოს კაცს და ზოგადად შეინარჩუნოს ქვეყანამ არასერიოზული და ხელისშემწყობი დამოკიდებულება სექსუალური მოძალადეების მიმართ.

ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ყველა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და აქეზებს მოძალადეებს.

არსებული პრაქტიკა მიუთითებს, რომ 138-ე და სხვა სქესობრივი დანაშაულების დროს აღკვეთის ღონისძიების სახით, როგორც წესი, გამოიყენება პატიმრობა. საქართველოში და სასურველია გამკაცრდეს სისხლის სამართლის პოლიტიკა ასეთ დანაშაულებზე, არათუ შემსუბუქდეს და გაგრძელდეს სექსუალური მოძალადეების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე, ცდილობენ რა პარტიები გამოიყვანონ ეს საქმე პოლიტიკურ დევნად, ხშირად გამოიყენებენ ტერმინებს „დანაშაულის პროვოცირებას“, რაც არის სრულიად მიუღებელი და არასწორი დამოკიდებულება ზოგადად სექსუალური ძალადობის საქმეების მიმართ",- ვკითხულობთ განცხადებაში.

ქალთა ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს ხელმოწერების გაწვევისკენ მოუწოდებენ.

"აღნიშნულ საქმეში გოგი წულაიას პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა არის განპირობებული პარტიული მიკერძოებულობით და მოკლებულია საფუძველს. პოლიტიკური პარტიების მიერ სექსუალური მოძალადის მხარდაჭერა და მისთვის შეღავათიანი აღკვეთის ღონისძიებების მოთხოვნა კი წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლების დისკრიმინაციას და მოძალდეების მხარდაჭერას.

მოვუწოდებთ:

  • პოლიტიკურ პარტიებს გაიწვიონ ხელმოწერები აღნიშნული განცხადებიდან;
  • მედიებს თავი შეიკავონ სექსუალური ძალადობის შემთხვევების „დანაშაულის პროვოცირებადშერაცხვისაგან",- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ქალთა მოძრაობა; საფარი; ქალები საქართველოდან; ქალები საერთო მომავლისთვის.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს განაცხადა, რომ გოგი წულაიას საქმეში შერჩევითი სამართლისა და ხელისუფლების პოლიტიკური მოტივები იკვეთება, რადგან სასამართლომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, წულაიას შემთხვევაში აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა, სწორედ პატიმრობის მოთხოვნით მიმართა მას პროკურატურამაც. 

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე", - განაცხადეს პარტიებმა. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გირჩი-მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • მოძრაობა დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია                                
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • პროგრესი და თავისუფლება
  • ქართული არჩევანი
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • თავისუფალი საქართველო
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ქრისტია კონსერვატული პარტია
  • ემსახურე საქართველოს

close დახურვა