ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს დღეს პარლამენტში პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.
საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დააყენეს და აღნიშნულთან დაკავშირებით კუჭავას განმარტება მოსთხოვეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
კუჭავამ არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტში არ შეშვება წესრიგის დაცვის მიზეზით ახსნა და თქვა, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა და ვერ დაუშვებენ, რომ ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა ჩაიშალოს.
"თქვენ გახსოვთ ბოლო ორი რიგგარეშე სხდომა როგორ წარიმართა, ერთ-ერთი სამწუხაროდ ჩაიშალა. წესრიგი ახსენეთ და სწორედ არის ის, რაც უნდა უზრუნველვყო მე და ეს არც დღეს ხდება, არც გუშინ ხდებოდა, ეს ხდება წლების განმავლობაში, როცა მუშაობს უსაფრთხოების წესები, რომ პარლამენტის მუშაობას არ შეექმნას საფრთხე", - თქვა კუჭავამ.
მანამდე, პარლამენტთან შეკრებილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს და ქალ დეპუტატებზე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით რეაგირებას მოითხოვეს.
18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურს მოსმენა იგეგმებოდა. თუმცა, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული.
წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.
ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მაგიდიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა.
მოგვიანებით, უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.