პარლამენტის ქალი დეპუტატები თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან და კანონის სრული სიმკაცრით რეაგირებას ითხოვენ.
დეპუტატები ამბობენ, რომ სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია.
"ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, ქალი დეპუტატები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროვების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა.
სასტიკად ვგმობთ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ - მან სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.
სასტიკად ვგმობთ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროვების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროვების ფაქტში მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში, და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროვებელს, რითიც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს.
ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას.
გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისათვის და ცრუ ნარატივების კვლავწარმოებისათვის.
მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს - უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროვებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს.
მოვითხოვთ საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნისა და ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროვების შესახებ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით.
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს სახალახო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, მოვუწოდებთ მას, განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება - დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, რადგან სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონდებლობის განგრძობადი დარღვევა. კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროვების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელს აწერენ: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია.
გუშინ, 26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."
სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.
თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.