logo
ENG



ქართულ განავალსაც არ იმსახურებ - გაბუნიამ პუტინს კიდევ ერთხელ მიმართა

21 ივნ 202022:42
3 წუთის საკითხავი
 
jr28pm3j4r69dxo.jpg

ლიკვიდაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ მიმართა.

მან გასულ წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებული საკუთარი განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად დაპირებისა, არ აპირებს პუტინის საფლავს შეურაცხყოფა მიაყენოს.

„ვალოდია ძვირფასო, ვოვაჩკა, დავფიქრდი და არ ვაპირებ შენი საფლავი შეურაცხვყო. მართალია დაგპირდი, მაგრამ მაინც. შენ ქართულ განავალსაც არ იმსახურებ“, - მიმართა გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს.

ტელეწამყვანმა ასევე განაცხადა, რომ მისი გზავნილი პირადად ვლადიმერ პუტინს ეხება და არა მთელ რუს ერს.

„მე სიტყვის ჯარისკაცი ვარ. ზედმეტად მძიმე და უხეში იყო ის იარაღი, რომელიც მე გამოვიყენე ჩვენი ქვეყნის მთავარი მტრის, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ? მან რომელი იარაღი დაზოგა ჩვენზე? ერთი ატომური ბომბი არ ჩამოუგდია ჩვენს მიწაზე, თორემ სხვა როდის დაგვინდო ან როდის მოგვერიდა? ან ქართველ დედებს და მათი შვილების საფლავებს როდის გაუწია ანგარიში, რომ მე მოვრიდებოდი მაინცდამაინც მისი საფლავის ხსენებას. ჩემი სიტყვები ეკუთვნის პირადად პუტინს და მის მონებს და არა მთელ რუს ერს. მე არ ვსვამ ტოლობის ნიშანს ვლადიმერ პუტინსა და რუსულ ნაციას შორის. მე პატივს ვცემ რუს ხალხს და მათ კულტურას. არც ვლადიმერ პუტინის ერთგული გოშია, რამზან კადიროვი განასახიერებს ჩეჩნებს. ჩემთვის ნამდვილ ჩეჩნებს ჯოხარ დუდაევი განასახიერებს. მე ცოცხალი არასდროს დავიჩოქებ, მომკლან და დამაჩოქონ თუ შეძლებენ", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.


close დახურვა