ქართული ოცნება ოპოზიციას მოუწოდებს, "ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა" და კრისტიან დალიენსონის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
მმართველი გუნდი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჯერი ოპოზიციაზეა.
"საზოგადოებას შევახსნებთ, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართელოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩაართულიყო მხარეებს შორის მედიაციში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოაგზავნა მისი წარმომადგენელი ქრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა.
ქართულმა ოცნებამ, ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. ქართულმა ოცნებამ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა.
ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დღეს რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება. მას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებიც დაესწრებიან.
განხილვის საგანი კრისტიან დანიელსონის მიერ ბოლო ვიზიტის დროს წარმოდგენილი დოკუმენტი იქნება, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი 16 აპრილს მოაწერა.
ოპოზიცია დოკუმენტის არსებულ ვერსიას მხარს არ უჭერს, ვინაიდან მასში არ არის მკაფიო ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების შესახებ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.
მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.
დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
- მომავალი არჩევნები
ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.
იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.