ევროპული საქართველოს ცნობით, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსული კანონი და მის წინააღმდეგ პროტესტზე არაპროპორციული ძალის გამოყენება დაგმო და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური კურსის გამო შეშფოთება გამოთქვა.
ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ჰელსინკიში EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, მსჯელობის შემდეგ კი რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციის ტექსტს ევროპული საქართველო ავრცელებს.
EPP რეზოლუციით აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოში განვითარებული მოვლენების, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონისა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო.
„ამ ქმედებებმა დააზიანა საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია და ევროპული კურსისადმი ერთგულების კუთხით ღრმა ეჭვები გამოიწვია“ - აცხადებს EPP.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამგვარი რეგულაციები არსებობს რუსეთში ბელარუსსა და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები უგულებელყოფილია.
ევროპის სახალხო პარტია აცხადებს, რომ მათ მკაფიოდ დაინახეს ქართველი ხალხის მისწრაფება უკეთესი მომავლისკენ და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება.
„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს იმის აბსოლუტურად საპირისპირო ნაბიჯების გადადგმას, რაც ქვეყანას ევროპისთვის ამ ისტორიულ მომენტში სჭირდება, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომმა გამოიწვია.
მეორე მხრივ ჩვენ დავინახეთ, როგორი დიდია ქართველი ქალებისა და კაცების, ახალგაზრდების მისწრაფება უკეთესი მომავლისკენ. მათი სიმტკიცე ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი აღგვაფრთოვანებს და შთაგვაგონებს“ - წერია დოკუმენტში.
EPP რეზოლუციით აცხადებს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უცხოელი აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის განხილვა უნდა შეწყდეს და აქტივისტები, პოლიტიკური ლიდერები და ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი დევნისგან. „ჩვენ ასევე ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაც.“ - წერია რეზოლუციაში.
საქართველოს ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით კი EPP ამბობს, რომ მმართველი პარტიის "აზროვნება ევროპული მომავლის წინააღმდეგაა მიმართული", ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა და ქართული ოცნების პოზიცია უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ, ასევე ევროკავშირსა და აშშ-ზე აბსურდული პროპაგანდა რუსული დეზინფორმაციის ნარატივებს იმეორებს.
"უფრო ზოგადად, ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების კურსი მიუთითებს დემოკრატიის მკაფიო უკუსვლაზე მიუთითებს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, მავნე და აბსურდული პროპაგანდისტული კამპანია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი და აშშ-ს მხრიდან არის წნეხი საქართველოს ადმინისტრაციაზე, რომ დაიწყოს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები, იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ნარატივებს და იწვევს განგაშს. ამ ქმედებებით საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების განწყობები აშკარად ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგაა მიმართული." - წერია რეზოლუციაში.
EPP აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ კურსისადმი მხარდაჭერას განაგრძობენ.