logo
ENG



ქართული ოცნების წევრები კირბალში ჩავიდნენ

09 ნოე 202318:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/ss2hw6jnh9dagrp.jpg

ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ. იქ, ასევე, იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 

როგორც მმართველი პარტიის დეპუტატი, ბექა დავითულიანის ამბობს, "ასეთი ინციდენტები, ოკუპირებული ვართ და სამწუხაროდ, ხდება". 

"ასეთი ინციდენტები, ოკუპირებული ვართ, სამწუხაროდ, ხდება. ბოლომდე ამისგან თავს ვერ დავიზღვევთ, იმიტომ, რომ რუსეთის ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩვენ დღეს სამწუხაროდ, იმის ძალა არ გვაქვს, რომ ისინი როგორც იმსახურებენ, ისე გავაძევოთ ამ ქვეყნიდან", - ამბობს ის. 

ოცნების კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან და ახლა რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს, ეს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გამკაცრებაა. 

"შეგვიძლია, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოება კიდევ გავამკაცროთ. ის გამოწვევები, რაც სოფელს აქვს, ამ მხარეს აქვს, მაქსიმალურად... თუმცა, ხომ გესმით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და ბუნებრივია, ასეთი ტრაგედიები რომ ავიცილოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ [...] დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან. გამოძიება გრძელდება და როცა მიეცემა ჩვენს სახელმწიფოს [საშუალება] ბუნებრივია, ექნება რეაგირება. ვერ დაემალებიან მართლმსაჯულებას. ჩვენ ახლა რაც შეგვიძლია, შეგვიძლია, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად კიდევ გავამკაცროთ", - თქვა ზარქუამ.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს  ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.

 

 


close დახურვა