logo
ENG



ქართულმა კომპანიამ Leavingstone-მა Netflix-თან და Siemens-თან დაიწყო თანამშრომლობა

19 დეკ 202016:51
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/19/pafgvkrchjpq5ro.jpg

ქართულმა მარკეტინგულმა კომპანია Leavingstone-მა ევროპის განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის დახმარებით ხელშეკრულებები გააფორმა ისეთ მსხვილ უცხოურ კომპანიებთან, როგორებიცაა: Netflix, Siemens, Deutsche Telekom, Fox Broadcasting Company და სხვა, რაც კომპანიის წლიურ შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის, ბრენდს კი საერთაშორისო ბაზარზე გაუთქვამს სახელს. 

კომპანია Leavingstone 2010 წელს დაფუძნდა. მაშინ ქართველი მომხმარებლები სოციალურ მედიას იმდენად ფართოდ არ მოიხმარდნენ, როგორც დღეს. თუმცა რამდენიმე წელიწადში კომპანია ბაზრის ლიდერი გახდა. 

მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მიღების შემდეგ Leavingstone გახდა პირველი ქართული სააგენტო, რომელმაც კანის ოქროს ლომი მოიგო, რაც კრეატიული სფეროს წარმომადგენლებისთვის უმაღლეს ჯილდოდ მიიჩნევა. 

სწორედ Leavingstone-ს ეკუთვნის 2020 წლის არჩევნებისთვის გაკეთებული ვიდეორგოლი, რომელშიც ცნობილი ისტორიული საზოგადო მოღვაწეები საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებდნენ და იმ ბრძოლით სავსე გზას შეახსენებდნენ, რომელიც ქვეყანამ ამ უფლების მოსაპოვებლად გამოიარა. კლიპმა საყოველთაო მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. 

აღსანიშნავი წარმატების მიუხედავად, თავად კომპანიას ორგანიზებისა და სტრუქტურის გამართვის ახლებური გეგმა სჭირდებოდა, მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორობის გასაფორმებლად. 

სწერედ EBRD-ისა და ევროკავშირის დახმარებით კომპანიამ საფუძვლიანი რეორგანიზაცება განიცადა და პროდუქტის შექმნის სტრუქტურა მნიშვნელოვნად დახვეწა. 

"ჩვენ გვჭირდებოდა ფორმალური პროცედურები, ისე, რომ არ დაგვეკარგა ის არსი, რაც Leavingstone-ს შეადგენს", - ამბობს კომპანიის დირექტორი ერეკლე ზურმუხტაშვილი EBRD-თან ინტერვიუში

რეორგანიზების შემდეგ Leavingstone-მა სამუშაო ვიზიტები გამართა ბერლინში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაზრდის მიზნით. ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა, კომპანიის საერთაშორისო პარტნიორების რაოდენობა 2-დან 10-მდე გაიზარდა. 10 კომპანიას შორის კი ისეთი მსხვილი საერთაშორისო კომპანიები აღმოჩნდნენ, როგორებიცაა: Netflix და Siemens. 

"ჩვენ უკვე ვმუშაობთ პირველ პროექტზე და ბერლინში ახალი ოფისის გახსნას ვგეგმავთ", - ამბობს ერეკლე, - "მართვის სისტემებში შეტანილმა ცვლილებებმა, ცხადმა ხედვამ და ადგილობრივსა და საერთაშორისო ბაზრებზე კონცენტრირებამ ახალ ეტაპზე გადაგვიყვანა, სირთულეებით სავსე წლის მიუხედავად". 

კომპანიის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ახალი ფურცელი სააგენტოს საქმიანობაში სხვა არაერთ შესაძლებლობას შექმნის კომპანიის შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. 

 

 


close დახურვა