logo
ENG



ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტარებს წერილები გაუგზავნა

16 დეკ 201920:16
3 წუთის საკითხავი
 
xkzpvy1149ggd8t.jpg

საქართველოს საელჩოებმა ევროპარლამენტარებს წერილები გაუგზავნეს ოპოზიციის დესტრუქციულობის შესახებ. ქართული საელჩოების მიერ ევროპულ პარლამენტებში გაგზავნილი წერილის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საუბარი არ ისურვა. განგვიცხადა, რომ  საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საელჩოების დახმარებით, უცხოელ პარტნიორებს ხშირად უყვებიან, თუმცა არ განუმარტავს, იყო თუ არა ბოლო გზავნილებს შორის წერილი ოპოზიციის საქმიანობის შესახებ, თანდართული ვიდეო მასალით. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, ქართული საელჩოებიდან ოფიციალური წერილი რამდენიმე ევროპული ქვეყნის პარლამენტში გაიგზავნა. დოკუმენტში „ქართული ოცნება“ მიუთითებს საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულ ქმედებებზე. მმართველი გუნდს სურს ევროპარლამენტარებმა  ოპოზიციას რიტორიკა შეაცვლევინონ და ქუჩის აქციებზე უარი ათქმევინონ. წყაროს ცნობით, ხელისუფლება ცდილობს ევროპარლამენტარები დაარწმუნოს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრებია არაა, წერილს თან ახლავს ვიზუალური მასალა - ოპოზიციის აქტიურობის ამსახველი ვიდეო კადრები აქციებიდან. 

რომელი ქვეყნების საელჩოებიდან გაიგზავნა წერილები და რა მიზნით  - მინისტრის მოადგილის შემდეგ, ინფორმაციის გადამოწმება უშუალოდ სამინისტროში ვცადეთ, თუმცა უწყებაში განმარტებებს არ აკეთებენ. გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა კი განგვიცხადა, რომ მათ შორის მისი საელჩო არ არის. 

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ოფიციალური პირებისგან ახსნა - განმარტებას ელოდებიან. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, მათგან მტრის ხატის შექმნას და საერთაშორისო პარტნიორების თვალში საკუთარი გადაწყვეტილებების გამართლებას ცდილობს. 

ოპოზიცია ხელისუფლებას ბრიუსელის საგანგებო ვიზიტებს ახსენებს, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ევროპარლამენტარებთან ჩავიდნენ და შეუსრულებელი დაპირების გამო, თავის მართლება სცადეს. ბრიუსელში რამდენიმე კვირის წინ, ევროპელ კანონმდებლებთან რიგგარეშე შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მმართველ პარტიაში დღეს აცხადებენ, რომ საქართველოს საელჩოების საგანგებო გზავნილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა პარტნიორების ინფორმირებაში პრობლემას ვერ ხედავენ. 

„ფორმულას“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები სავარაუდოდ ხვალ - ელჩების კონფერენციაზე გაკეთდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში საქართველოს ოფიციალური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები უკვე თბილისში იმყოფებიან. 


close დახურვა