სალომე ადეიშვილის მწვავე ბრალდებებს დეპუტატები აფასებენ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აღნიშნული ფაქტი სისტემურ ხარვეზებზე მიანიშნებს.
"ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გახდეს გამოძიების საგანი, პროკურატურა როგორც სასამართლო ეს არის მოშლილი, ესაა უწყებები რომლის რეფორმირება შეუძლებელია. ერთადერთი გზა არის დაშლა და ახალი ხელისუფლების მიერ ორივე სისტემა თავიდან უნდა იყოს აწყობილი,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ოპოზიციისგან განსხვავებით ადეიშვილის საქმეს ერთი კონკრეტული ადამიანის პრობლებად აფასებენ მმართველ გუნდში.
"ერთი ადამიანის ფეისბუქ სტატუსზე ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება ამას სისტემური ხასიათი მოხდეს, თორემ ამ ყველაფერზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რა თქმა უნდა, საჭიროა,-განამარტავს "ქართული ოცნების" წევრი სოფიო ქაცარავა.
"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი კი აცხადებს, რომ ამ საქმით, როგორც ქალი დეპუტატი, აუცილებლად დაინტერესდება.
"საკმაოდ ხატოვნად და ემოციურად ჰქონდა ამ ქალს აღწერილი ის პრობლემები, რაშიც აწყდებოდა ის პროკურატურაში. მე დავინტერესდები და აუცილებლად გამოვითხოვ ინფორმაციას მასთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტი იქნება, თუ დადასტურდა ეს ფაქტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას სისტემური ხასიათი არ აქვს და გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მას იმედგაცრუება ჰქონდა. თუმცა ვთვლი რომ, როგორც ქალი დეპუტატი უნდა დავინტერესდე თუნდაც შუშის ჭერზე სახელმწიფო ან არასახელმწიფო სტრუქტურებში,"-აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი.
სალომე ადეიშვილის შესახებ "ფორმულასთან" არ საუბრობენ თავად პროკურორები. ისინი მხოლოდ ადასტურებენ იმას, რომ ის ნამდვილად მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე. ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.