logo
ENG



ქვეყანას მართავს არა კანონი, არამედ ერთი ადამიანის ნება - ოპოზიცია ივანიშვილზე

16 თებ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

რატომ მცირდება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და იზრდება პანამიდან, სადაც რეგისტრირებული კომპანიებით ტურიზმის ბიზნესში ბიძინა ივანიშვილია ჩართული? – ამ საკითხზე თავისუფლების მონიტორმაფილმი მოამზადა, რომელიც „ფორმულაზე“ გუშინ გავიდა.

ფილმში ჩანს, თუ როგორ ყიდულობს ივანიშვილი მიწებს საქართველოში საუკეთესო გამწვანებულ ადგილებში და როგორ იყენებს ხელისუფლება მის გავლენებს მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად.

თავისუფლების მონიტორი მიუთითებს, რომ ოლიგარქიული მმართველობა პირდაპირ პრობლემებს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ პირად ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული და ამით ქვეყანას აზიანებს.

„არ მაქვს ინტერესი, რომ სხვის ჯიბეში ვაფათუროთ ხელი, მაგრამ ეს ჯიბე პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მასზეა მიბმული. სწორედ ამ ჯიბის ფულმა განაპირობა ის, რომ 2012 წელს საქართველოში მოიყვანეს პრორუსული ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს ამ პოლიტიკას. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი, ვისაც ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილი საქართველოს ააყვავებდა თავისი ფულით, დღეს მაინც დაინახავს, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერში ფულს შოულობენ“, - განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ.

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი მთავარ პრობლემად ივანიშვილის გადაჭარბებულ ძალაუფლებას ასახელებს და ამბობს, რომ მისი მართვის სტილი კანონის ფარგლებს სცდება.

„ზოგადად, საქართველოს პრობლემა ივანიშვილთან მიმართებით არის ის, რომ ამ ადამიანს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, მან მიისაკუთრა სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ ქვეყანას მართავს არა კანონი, არამედ ერთი ადამიანის ახირებული ნება. ასეთ პირობებში დამატებით პრობლემას ქმნის მისი ქონება. მთავარი მაინც არის მისი მართვის სტილი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ კანონისმიერ და კონსტიტუციურ კონტროლს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 


close დახურვა