ქვეყნის მასშტაბით, არაერთ, მათ შორის, ქუთაისის, მთაწმინდის, ისნის და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოქალაქეები, ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ. კომისიებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
პროტესტის მონაწილე პირების თქმით, საოლქო კომისიები არ იღებენ ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებს და მათ განხილვის გარეშე ტოვებენ.
ისნის საოლქო კომისიასთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად გალია და საკენკი მიიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ არ მისცემენ ბიძინა ივანიშვილს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათი მოტყუების საშუალებას.
აქციები მიმდინარე კვირის განმავლობაში ხმების გადათვლის და საჩივრების დაკმაყოფილების მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით არაერთ საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაიმართა. ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები მთელი კვირაა აცხადებენ, რომ ოქმებში აღმოჩენილი მასშტაბური უზუსტობების მიუხედავად, კომისიები მათ მიერ შედგენილ საჩივრებს არ იხილავენ.
დღეს აქცია გაიმართა ცესკო-ს ოფისთანაც. სირცხვილიას წარმომადგენლებმა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა და აუცილებელია, უშუალოდ გაყალბების პროცესში ჩართული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
არჩევნების შედეგებს აპროტესტებს ოპოზიციაც. უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ცესკო-ს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების გაპროტესტების საფუძველზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი პერმანენტულ მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.