logo
ENG



ქობულეთი და ვანის რაიონი შესაძლოა სრულ იზოლაციაში მოექცეს​

08 აპრ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული 208 პაციენტია ამჟამად საქართველოში, გაფართოვდა პანდემიის გავრცელების გეოგრაფია და მკაცრ საკარანტინო ზონებში მოქცეული მუნიციპალიტეტების რიცხვი. პაციენტთა მიღება უკვე შეწყვიტა ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა, სადაც დაშვებული სამედიცინო შეცდომაა სავარაუდოდ, ეპიდ-აფეთქების მიზეზი. დაინფიცირებულ კაცს კლინიკაში ფილტვების ანთებით მკურნალობდნენ. 

ვანის რაიონი შესაძლოა სრულ იზოლაციაში მოექცეს. ამის მიზეზი კი 75 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. შუახნის ქალი, 2 კვირის წინ თბილისში შვილის სანახავად იყო წასული, მას შემდეგ რაც მის შვილიშვილს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ქალი ვანში დაბრუნდა. რამდენიმე დღეში კი ის ცხელებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კოვიდ 19 დაუდასტურდა. მაღალი ტემპერატურა აქვს მის მეუღლესაც, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მედიკოსები კოვიდ 19-ზე პასუხს ელოდებიან . 

ქალის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. ადგილობრივები ყვებიან, რომ დაინფიცირებული ქალის მეუღლეს სოფელში მაღაზია აქვს და მას შეხება რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა. ამის გამო სოფელში მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ. დროებით დაიხურა ის კერძო კლინიკა, სადაც ინფიცირებული ქალი იყო შეყვანილი, კლინიკის თანამშრომლები კი იზოლაციაში არიან. ამ შემთხვევის შემდეგ ვანის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობით გათვალისიწინებული რეგულაციები გამკაცრდა. მოეწყო სპეციალური გამშვები პუნქტები და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ისაუბრა. 

კიდევ ერთი დიდი კლასტერის მიზეზი კი შეიძლება ქობულეთში მომხდარი შემთხვევა გახდეს. ქობულეთის კლასტერი 60 წლის ქალს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურეს. ქალის დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ცნობილია იმ 5 ადამიანის ვინაობა, ვისაც ვირუსი მისგან გადაედო. მათ შორის არიან - ქალის შვილი, მოხუცი მამა და მამის 3 მეზობელი, რომელთანაც შეხება ჰქონდა. ამ 5 ადამიანიდან ოთხი სოფელ გვარაში ცხოვრობს, რის გამოც სოფელში ეპიდემიოლოგიური კვლევა დაიწყო.  

ამ კალსტერში საინტერესო ერთი დეტალია, 60 წლის ქალის მამა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა და ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდნენ. ამ ეტაპზე კლინიკაში პაციენტთა მიღება შეწყვეტილია, მიმდინარეობს მოკვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს დაუშვეს თუ არა ექიმებმა შეცდომა, რასაც ვირუსის აფეთქება მოყვა. ამ დროისთვის 60 წლამდე ქალთან გამოკვეთილია 37 კონტაქტი. აქედან 17 მედპერსონალი , 20 კლინიკის პაციენტი  

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევაა, 5 ახალი ინფიცირებული დღეს დადასტურდა.


close დახურვა