logo
ENG



ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს

21 ივლ 202314:51
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მათ გაერთიანებულ სამეფოს ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 14 ივნისს მიმართეს და შესაბამისი მასალები მიაწოდეს.

"უესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.", - წერია განცხადებაში.

***

19 წლის გიორგი ალხანიშვილი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მას შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. გამოძიების მასალებით, მკვლელობის შემდეგ მოკლული ავტომობილით წაიღეს და ტყის მახლობლად დამარხეს. 

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა..-ს ედავება. სწორედ მან მოახერხა საქართველოდან გასვლა. კიდევ 5 ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. დაკავებულებს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება. ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება. გარდა ამისა, ამავე კანონდარღვევას ედავებიან სასულიერო პირს - გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს, თუმცა 19 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასულიერო პირი გირაოთი გამოუშვა. მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მოხდა. 


close დახურვა