ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრების განცხადებით, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ უცხოეთში არ გადაიყვანენ.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არის უკიდურესად მძიმე. ფიზიკურად შეუძლებელია მან ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა დღეს მიიღოს ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში მანამდე, სანამ არ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დასავლეთის წამყვან კლინიკებში სამკურნალოდ. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოში იქნება ბოიკოტის რეჟიმში", - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია.
ქუთაისის ენმ-ს წევრები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება, რათა მოხდეს სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება და გადარჩენა.
ბოიკოტის რეჟიმში ასევე არიან ბათუმის, ოზურგეთისა და გორის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები.
14 დეკემებერს, პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. კადრების გავრცელებით 13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე დაიმუქრა.
გავრცელებული კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მასში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთ ბოლო კადრში, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ნაჩვენებია, რომ სააკაშვილი ყავარჯნის საშუალებით გადაადგილდება. კადრების ქრონოლოგია 8 აგვისტოდან იწყება.