დიდუბეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ქურდიანის ქუჩაზე, სადაც გასულ ღამით მკვლელობა მოხდა, მობილიზებულები არიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ტრაგედიას წინ ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
შემთხვევა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა, მოკლულის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. გავრცელებული ცნობებით, სახლში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. ადგილობრივები "ფორმულას" ეუბნებიან, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან ჩხუბისა და სროლის ხმა გაიგეს.
გავრცელებული ვერსიით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, მეშვიდე სართულიდან გადმოაგდეს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის მიყენებული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
